საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რეკომენდაციების შესრულებასა და პროცესში ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ბერლინში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. შოლცი და ღარიბაშვილი ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. დისკუსიისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს და ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის პრეზიდენტსაც შეხვდა. იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე.