საქართველოს პირველი ტელევიზია 63 წლისაა

63 წლის წინ, ამ დღეს საქართველოში პირველი ტელევიზიის ისტორიამ ათვლა დაიწყო. დღეს პირველი არხის დაბადების დღეა.

1956 წლის 30 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, მთაწმინდის ანძასთან განთავსებული სტუდიიდან პირდაპირ ეთერში გავიდა პირველი სატელევიზიო გადაცემა. ამ ისტორიულ მომენტამდე მცირე ხნით ადრე, ადგილობრივმა გაზეთმა საზოგადოებას აცნობა, რომ რამდენიმე დღეში თბილისში ტელე-ხედვის სტუდია იხსნებოდა. ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე გაყიდული იყო 3 500-მდე ტელევიზორი. საქართველოში ტელე-მაუწყებლობის დაწყებას წინ ტელე-ცენტრის დაპროექტების სამწლიანი პროცესი უძღოდა. დროსთან და შესაბამისად, ტექნოლოგიების და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, პირველი არხის გადაცემები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. იზრდებოდა გადაცემების ხანგრძლივობა და მათი ჩვენების სიხშირე. 63-წლიანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე პირველი ქართული ტელევიზია არაერთი ისტორიული მოვლენის თანამონაწილე და ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანე გახდა. დღემდე უცვლელად რჩება პრინციპები, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს გვაერთიანებს, – მოვლენების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება, მაყურებლისთვის ხარისხიანი გადაცემების შეთავაზება და ინტელექტუალური მედია-პროდუქტის შექმნა.

ვულოცავთ ყველა პირველარხელს დღევანდელ დღეს.