საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ში
ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები დაასრულა საქართველოს პირველმა ლედიმ, რომელიც ვაშინგტონში ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. თამარ ბაგრატიონი არაერთი ქვეყნის პირველ ლედის და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა, მათ შორის იყო – საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი. შეხვედრები გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე, თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ოჯახურ ღირებულებებს. საქართველოს პირველმა ლედიმ ქართულ კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ვიზიტის დასასრულს, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.