საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში, სახელწოდებით „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ღონისძიების მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა. სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.
განიხილავენ ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობას და ამ მიმართებით კონკრეტულ საკითხებს. ამ დისკუსიამდე კი სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უმასპინძლებს. მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტი 24 და 25 მარტს გაიმართება. მასში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.