მოქმედების ოთხი დღე და არსებობის 105 წლის ისტორია. მაშინ, როცა 1921 წლის 21 თებერვალს, ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომლის პირველივე მუხლში ჩაიწერა, რომ „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“. პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუცია 17 თავსა და 149 მუხლს მოიცავდა. გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
იმის მიუხედავად, რომ პირველი კონსტიტუცია მხოლოდ ოთხი დღე მოქმედებდა, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს ძირითადი კანონის კლასიკურ მაგალითს, რომელშიც აისახა იმდროინდელი საქართველოს მისწრაფებები და შეხედულებები. ასე იქცა პირველი კონსტიტუციის დებულებები სრულიად საქართველოს საკუთრებად და ამ პრინციპებს ემყარება ქვეყნის მთავარი კანონის ყველა მომდევნო რედაქცია.