საქართველოს პირველი არხის სტრატეგია

სლოგანით „ჩვენთვის, თითოეულისთვის“ – საქართველოს პირველმა არხმა მაუწყებლის მუშაობის მომდევნო წლების სტრატეგიისა და პრიორიტეტების დოკუმენტი წარადგინა, სადაც წარმოდგენილია არხის როგორც ინსტიტუციის როლი, ღირებულებები და ფუნქცია. როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ტელევიზიის – საქართველოს პირველი არხის მიზანია, საზოგადოებრივი მედიის  ევროპული მოდელის სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, უსაფრთხო კონტენტის წარმოება, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მთავარ ღირებულებად მაუწყებელი ირჩევს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დანერგვას და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გათვალისწინებით, მედიაინდუსტრიის ხელშეწყობას. თავისი საქმიანობისას საქართველოს პირველი არხის გუნდი უკომპრომისოდ იცავს სანდოობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს და საზოგადოებას საშუალებას აძლევს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინფორმირებული არჩევანი, შფოთვისა და ისტერიის გარეშე გააკეთოს. მაუწყებლის პრიორიტეტია ყველა პლატფორმაზე კონტენტი ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით შექმნას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ქართული ორიგინალური კონტენტის პოპულარიზაცია და გარე წარმოების წახალისებაა.

იმ გამოწვევების გარდა, რომელიც საქართველოს პირველ არხს აქვს, მნიშვნელოვანია არხის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება. მომდევნო ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი ახალი შენობის მშენებლობა და სრული ინფრასტრუქტურული განახლებაა, რაც ტელევიზიის ევროპული სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღჭურვასაც გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი