საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე, ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა. პროკურატურამ გიორგი მაღრაძეს ბრალდება 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით,  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.