საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გიორგი მაღრაძეს ბრალდება 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.