დღეს ისტორიული დღეა საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის – თქვენთვის მუშაობა და მაუწყებლობა ახალი შენობიდან და სტუდიებიდან დავიწყეთ. კოსტავას 68-დან გადმოვინაცვლეთ ახალ მისამართზე, პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში. სწორედ აქედან გავაგრძელებთ თქვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის მუშაობას. თითქმის ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, პირველ არხს ახალი, ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს. ეს არის უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ორი კორპუსი. მასშტაბური სტუდიებითა და პავილიონებით, რაც ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი ინოვაციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. პირველი არხის ახალი შენობა ასევე გამორჩეულია დიზაინითა და არქიტექტურით.