საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს. მასში ნათქვამია: „ზოგიერთი უცხოური და ქართული პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანი ცდილობს, მთავრობის ინტერესები ხალხის ინტერესებისგან განცალკევებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მაგალითზე. მოწოდება, „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას“ – ამ ჭრელი პოლიტიკური დაჯგუფების გამაერთიანებელ დევიზად იქცა. აღნიშნული პრაქტიკა არ არის ახალი მათთვის, ვისთვისაც ნაცნობია რუსეთის ჰიბრიდული ომი. მთავრობის დელეგიტიმაციის გამოყენება პოლიტიკური დივერსიის ინსტრუმენტად საბჭოთა რეჟიმის გამორჩეულ ტაქტიკას წარმოადგენდა და, როგორ ჩანს, რუსეთის ამჟამინდელი მთავრობაც ენთუზიაზმით იყენებს მას. დღემდე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ქართველ ხალხს, მთავრობისგან განცალკევებულად უგზავნის სადღესასწაულო მილოცვებს. ქართული ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ აიტაცა ეს ტაქტიკა და ბევრჯერ, შედარებით ზომიერ პოლიტიკურ პარტიებსაც თავს მოახვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ქართული ოპოზიციის ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წევრი სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მართულ საბჭოთა და რუსულ „საგანმანათლებლო“ დაწესებულებებში – მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი და უცხოეთიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს ამ ტაქტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ. ამრიგად, პარადოქსის მომსწრენი ვართ – ის ძალები, რომლებიც ამტკიცებენ თავიანთ „დემოკრატიულობას“, „პროგრესულობასა“ და „პროდასავლურობას“ იყენებენ მიუღებელ პოლიტიკურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე არადემოკრატიული და რეგრესული ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის, და პოლიტიკური იდეოლოგიების ინსტრუმენტს წარმოადგენს.” – წერს შალვა პაპუაშვილი.