საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს დაინიშნა.

არჩევნები ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების, საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ იმსჯელა. ასევე მიიღო დადგენილება შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ (გიორგი) ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

შუალედური არჩევნებისთვის დაახლოებით  880 ათასი ლარი დაიხარჯება.