საქართველოს პარლამენტის მიმართვა ნატო-ს

იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო დოკუმენტზე შეთანხმდნენ.

ნატოს სამიტის წინ თბილისიდან ბრიუსელში პარლამენტის სახელით გასაგზავნ განცხადებას „ქართული ოცნების“ და ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა აქვს. დოკუმენტს ბოლოს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო. ბელგიის დედაქალაქში 14 ივნისს დაგეგმილ ნატოს სამიტში მხოლოდ წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ერთობლივი განცხადების მთავარი გზავნილი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერაში მრავალპარტიული ერთიანობის დემონსტრირებაა. ხელმომწერები ნატოს წევრ ქვეყნებს კონკრეტული მოწოდებებით მიმართავენ და მოახლოებულ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირებას ელოდებიან. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ღია კარის პოლიტიკაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს მეტ ჩართულობაზე.