საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა

ნატოს ვილნიუსის სამიტში საქართველოს მონაწილეობის ფორმა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა თბილისში.

ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არის ქვეყანა სამიტზე მხოლოდ პირველი დიპლომატით წარმოდგენილი. რას უნდა ელოდოს გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების ფონზე საქართველო სამიტისგან – მოლოდინები და პროგნოზები განსხვავებულია. ოპოზიცია ხელისუფლების ბოლოდროინდელი საგარეო პოზიციონირების გათვალისწინებით ვილნიუსიდან დამაიმედებელ გზავნილებს არ ელოდება, პროგრესის აღიარების და პარტნიორობის გაძლიერების მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს. ნატოს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი მკაფიოობისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებს პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. წევრობის მხოლოდ დაპირება საკმარისი არ არის – ასეთია შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ვრცელი წერილის მთავარი გზავნილი.