გამოხმაურებები მთავრობის გადაწყვეტილებაზე

მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებებს ოპოზიცია საარჩევნო კონტექსტში განიხილავს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, მოქალაქეებისთვის გაეწიათ დახმარება და შეემცირებინათ ბიუროკრატიის ხარჯები, თუმცა, მთავრობამ მოქალაქეების დახმარების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო, რაც არჩევნებს უკავშირდება.

მმართველ გუნდში ოპონენტების განცხადებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის შეფასებით, გლობალურ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა კიდევ გაგრძელდება და ხელისუფლებამ ეკონომიკის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.