საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდა და 43:5 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს.
ამ მატჩში გუნდებმა ტრადიციულად ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოლეს, რომელიც მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება. ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ აღნიშნული თასი 24-ედ გათამაშდა და ის 18-ჯერ „ბორჯღალოსნებმა“ აიღეს.
დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად დაესწრო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, საქართველოს ნაკრები ფინალში პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, ჩემპიონატის ფინალი 17 მარტს პარიზში გაიმართება.