საქართველოს მოქალაქეები სტიქიის ზონაში

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თურქეთში საქართველოს საელჩო.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა. საელჩოს ინფორმაციით, საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ცხელ ხაზზე რეკავს და ოჯახის წევრებისა და ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. საბედნიეროდ არ დაშავებულა თურქეთში მოთამაშე არცერთი ქართველი ფეხბურთელი, ასევე უსაფრთხოდ არიან იქ შეკრებაზე მყოფი ქართული კლუბების წევრები და მსაჯები. იქიდან გამომდინარე, რომ სტიქიის ზონაში გადაადგილება გართულებულია, საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიაწოდონ.