ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა.
ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნება. ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით. სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ დატოვა.