საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ ორი პაციენტის შემთხვევაში დადასტურდა. ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, სადაც კიდევ 40-მდე პაციენტი იმყოფება.

კლინიკაში ტესტირების ჩასატარებლად მიმართვიანობა გაზრდილია. შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მოგზაურობის მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში წასვლისგან, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ჩამონათვალშია – ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.