საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ში

ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ აღიარება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

დოკუმენტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული შეთანხმება.

დოკუმენტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ახლა წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი სენატს გადაეგზავნება. შესაბამისი კომიტეტებისა და სესიაზე დამტკიცების შემდეგ, ის ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს წარედგინება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაშიც, დოკუმენეტი კანონის ძალას შეიძენს.