საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ფოსტა აქვეყნებს. საუბარია საქართველოდან გაგზავნილ 400 ტონა დახმარებაზე. მათივე მონაცემებით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს, უფასოდ გადააგზავნონ საფოსტო ამანათები უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. მეორე ადგილზეა რუმინეთი, მესამეზე კი ბელგია. ესაა პირველი აპრილის მონაცემები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა და ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, დახმარების მობილიზების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა. ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით.