„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ანგარიში

18:37, 24.03.2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარადგინა. გიგლა თამაზაშვილმა, სხდომის მონაწილეებს, დარგში არსებული ვითარება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. 2025 წლის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დასახელდა 14-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ ახალი ტარიფის განსაზღვრა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმები. გენერალური დირექტორის თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, გაუმჯობესდა შიდა კოორდინაცია, გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია დაკონტრაქტებულმა სასოფლო-სამეურნეო ფართობების მაჩვენებელმა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლო დავებთან დაკავშირებული რისკებიც. შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის გეგმებიც. აღინიშნა, რომ შეიქმნება კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის პროგრამა, დაინერგება სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემა, ოფისები მოეწყობა გურჯაანში, ქუთაისსა და მარნეულში, მომსახურების ახალი ცენტრები გაიხსნება მელაანში, წნორსა და დმანისში. კაპიტალური პროექტებისთვის 2026 წლისთვის საერთო ჯამში 86 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

მსგავსი