საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტია. ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. საარჩევნო კოლეგიის წევრების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციასა და პატრიარქის მიერ გაგზავნილ ბიბლიაზე დადო ფიცი. ცერემონიას საარჩევნო კოლეგიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში იმყოფებოდნენ მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრებიც. ახალმა პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში პოლიტიკურ გზავნილებს ნაკლები დრო დაუთმო და ბევრი ისაუბრა ქართველი ხალხის გაერთიანებაზე, რასაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი უწოდა. პრეზიდენტი, რომელიც ინსტიტუციას ნდობას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნებს- ასე აფასებენ მმართველ გუნდში მიხეილ ყაველაშვილს და დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ უფლებამოსილებას ახლადარჩეული პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს.