საქართველოს მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

სექტემბერში საქართველოს ნობელიანტი პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

სერვანტესის ინსტიტუტთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გამომცემლობა „ინტელექტის“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ჩამოდის.

თანხმობის წერილი ხუთდღიან ვიზიტზე ქართულმა მხარემ 2018 წლის დეკემბერში მიიღო. დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან, გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან. მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია, 2010 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ქართულად მწერლის ხუთი რომანია თარგმნილი.