საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სიონის ტაძარი ილია მეორის სამუდამო განსასვენებელი იქნება. 1917 წლის შემდეგ ამ ტაძარში საქართველოს რვა პატრიარქია დაკრძალული. ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის განსასვენებელს ამზადებენ – 141-ე კათოლიკოს პატრიარქს ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 22 მარტს დილით საქართველოში ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი. სიონის ტაძარში გადასვენების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობილია, რომ დილის 9:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას აღავლენს, მოგვიანებით კი წესის აგების მსახურება შესრულდება, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წარუძღვება. იქნება ქადაგება, გაიხსენებენ ილია მეორის თითქმის ნახერვარსაუკუნოვან საპატრიარქო მოღვაწეობას და ფასდაუდებელ ღვაწლის ერისა და ქვეყნის წინაშე. დადასტურებულია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე იქნება იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი დელეგაცია, ასევე დელეგაცია ვატიკანიდან, იქნებიან სტუმრები ალექსანდრიის საპატრიარქოდან და სხვადასხვა ქვეყნის ავტოკეფალიური ეკლესიიდან.