საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

იუბილარია დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უწმინდესი ილია მეორე 89 წლის გახდა. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ილია მეორემ ჩაიბარა ეკლესია, სადაც ეკლესია-მონასტრები დაკეტილი, საბჭოთა რეპრესიების გამო, შემცირებული იყო ტაძრებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. ამ პერიოდს პატრიარქი „მზიან ღამეს“ ადარებს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება. ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მისი ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმინდათა დასს მრავალი წმინდანი შეემატა. წმინდა ილია მართალი, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, ღირსი მამა ამბროსი ხელაია, ბერი ალექსი შუშანია, წმინდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა,წმინდა მღვდელმთავრები ალექსანდრე ოქროპირიძე და გაბრიელ ქიქოძე, მელქისედეკ I — სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის პირველი პატრიარქი, კირიონ II და კიდევ ბევრი გამოჩენილი სასულიერო და ეროვნული მოღვაწე.