საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე – 1933-2026
თბილისის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა რეგიონებში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებზე. მრევლისთვის ახლა ნუგეში მის მიერ დატოვებულ სულიერ მემკვიდრეობასთან ერთად სხვადასხვა ქადაგებაში, მიმართვასა თუ ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები, მოწოდებები და დარიგებებია. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სულიერ წინამძღოლს უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით იხსენებენ და ამბობენ, რომ დაკარგეს სულიერი მამა, რომელიც მათთვის სიხარულის, ნუგეშის, იმედის, სიკეთის და ხსნის წყარო იყო. ბოლო მოწოდებაც სიყვარული და ურთიერთპატიება იყო. არაერთი ძველი ტრადიციის აღმდგენი, ხალხთა შორის სიყვარულის მქადაგებელი, ისტორიული გადაწყვეტილებების ავტორი – ასე დარჩება სხვადასხვა თაობის მეხსიერებაში უწმინდესისა და უნეტარესის მიერ განვლილი გზა, რომელიც ეპოქალურ მოღვაწეობად შეფასდა.