კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია სიონის ტაძარში გაიმართება
კათოლიკოს-პატრიარქს კვირას დაკრძალავენ. უწმინდესისა და უნეტარესის სურვილისამებრ, დაკრძალვის ცერემონია სიონის ტაძარში გაიმართება. სიონში გადასვენებამდე, სამების საკათედრო ტაძარში საგანგებო ლიტურგია ჩატარდება და იქვე შესრულდება წესის აგება. კვირას წმინდა იოანე სინელის ხსენების დღე აღინიშნება. შექმნილია საორგანიზაციო კომისია, რომელშიც საპატრიარქოს და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულები. 22 მარტს დელეგაციებს ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. უკვე დადასტურებულია, რომ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც გუშინ სამძიმრის წერილი გაავრცელა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი უწმინდესსა და უნეტარესს მიცვალებულის მსახურების ლოცვას წაუკითხავს. იერუსალიმის პატრიარქის სამძიმრის წერილიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვა ანდრიანუპოლისის მთავარეპისკოპოს, ყოვლად უსამღვდელოესი მეუფე ნექტარიოსი. ცერემონიაზე დამსწრე სტუმრების სია, დიდი ალბათობით, ხვალ გახდება ცნობილი.