საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა - საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს სამძიმარს

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია. „საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“, – წერს მთავარეპისკოპოსი.

სიმძიმის წერილს ავრცელებს  საქართველოში მოქმედი კათოლიკე ეკლესია, სადაც საუბარია ილია მეორის მოღვაწეობაზე. კათოლიკე ეკლესია სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ მრევლსა და სასულიერო პირებს.

აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – აღნიშნულია წერილში.

„ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ – ამის შესახებ კი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი. „გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება, რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო,“ – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტში.

პატრიარქის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს პოლონეთის საელჩოც. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – წერს საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, პრემიერს მიუსამძიმრა. „მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების გზაზე გაწეული ღვაწლისთვის, მისმა უწმინდესობამ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია. ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, –  წერია ილჰამ ალიევის წერილში.

ქვეყანას უსამძიმრებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო „არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს.

სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს, – წერს ირანის ელჩი სოციალურ ქსელში. „დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი – სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი. მისი სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს“, – წერს სეიედ ალი მოჯანი.

საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს საქართველოში თურქეთის საელჩო. „უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს. „ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და  საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და  საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი წერს: „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი წარუშლელ კვალს ტოვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.