49 წლის შემდეგ გამართული ისტორიული ცერემონია და ამაღელვებელი წუთები მთელი ქვეყნისთვის – საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. არჩევიდან მეორე დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა თორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში 142-ე პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.
შიო მესამეს, – ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირს – დღეს წინამორბედი პარტიარქების მიერ ნატარები ისტორიული მიტრა დაადგეს და კათოლიკოს-პატრიარქის პატივის ნიშნები გადასცეს: კვერთხი, ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი. ამაღელვებელი იყო კადრები, როცა ქიროტონიით უპირატესმა ორმა მღვდელმთავრმა საკურთხეველში შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე სამჯერ დააბრძანა.
აღსაყდრების დღე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახალმა მეთაურმა თავად შეარჩია – დღეს ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ახლად არჩეული პატრიარქის პირველი ინტრონიზაცია.
ქართული ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობლის ემოციური მიმართვა, საზეიმო წირვა სინოდის წევრების და სასულიერო პირების მონაწილეობით და კადრები, რომლებიც დღეს სიტყვებზე უფრო მეტს ამბობდა – ნათია ქენქაძე უკვე ორი დღეა, აშუქებს ისტორიულ მოვლენებს, პატრიარქის არჩევნებსა და აღსაყდრების ცერემონიას.