ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მიმდინარე კვირას ყურადღების ცენტრში ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი იყო, სადაც ლიდერებს მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი ჰქონდათ. კონსენსუსი მიღწეულია, გაფართოებაზე შეთანხმდა ყველა, გარდა უნგრეთის პრემიერისა.
ვიქტორ ორბანი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, რადგან ის უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იყო, თუმცა, გაფართოების პაკეტი დამტკიცებულია – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, უკრაინასა და მოლდოვასთან კი მოლაპარაკებები დაიწყება. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკების პროცესი მას შემდეგ გაიხსნება, რაც დადგენილ რეკომენდაციებს შეასრულებს.
რაც შეეხება საქართველოს, ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე საქართველოს ცხრა რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი, რომლის განხორციელების გეგმაც ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა და ამ საკითხებზე მუშაობის დასრულება მომავალი წლის დეკემბრისთვის იგეგმება.