საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ანალენა ბერბოკი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და ქართველ კოლეგასთან, შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება და საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე, ასევე, რეფორმების გატარების პროცესში. გარდა ამისა, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება როგორც გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობებს, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას. დაგეგმილ ვიზიტს აფასებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ პოლიტიკოსები და აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს.  ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს, ოპოზიცია ძირითადად ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე ისაუბრებს.