საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება

21:18, 07.06.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. უწყების ცნობით, სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებულ ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.

„მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მოამბე“ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისა და კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც მიღებისთანავე გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს.

მსგავსი