საქართველოს ევროპული პერსპექტივა

გაზრდილი პოლიტიკური ვნებათაღელვა ისტორიული გადაწყვეტილების წინ.

ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუცია შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. ახლა მთავარი კითხვაა, რა გავლენას მოახდენს ბრიუსელში გუშინ მიღებული დოკუმენტი საქართველოს კანდიდატობის პერსპექტივაზე. მოლოდინები და პროგნოზები არაერთგვაროვანია. ევროპარლამენტის წევრების კრიტიკის და მედია-გარემოსა და მართლმსაჯულებაზე მძიმე შეფასებების მიუხედავად, მმართველი გუნდი ივნისის ბოლოს ბრიუსელიდან კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხს ელის და რეზოლუციაში კრიტიკის შემცველ ჩანაწერებს დაუმსახურებლად მიიჩნევს. ოპოზიციის ნაწილი დარჩენილ ორ კვირაში ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, კეთდება პროგნოზები სტატუსის გარკვეული პირობებით მინიჭებაზეც. სწორედ პირობებს ეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძის კომენტარი, რის გამოც დღეს ის ოპონენტების და სახალხო დამცველის მწვავე კრიტიკის ადრესატი გახდა.