„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ბრიფინგი

ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მათი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება და აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.

განცხადება ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა. მისი თქმით „გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვის” ბრალდებით დაჯარიმებული მოქალაქეების საქმეებში პოლიციის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება. მისი შეფასებით, პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და საქართველოს პარლამენტი.