საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა

3 000-მდე შეკითხვაზე პასუხები გაცემულია. კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი ევროკავშირის ელჩმა უკვე ჩაიბარა.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ქვეყანა ჯერ ევროკომისიის შეფასებას და რეკომენდაციას, შემდეგ კი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდეგ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს – ევროკომისიის შეფასების ანგარიშზე და წევრი ქვეყნების პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირი, დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოსთვის მიიღებს. მოლოდინი ოპტიმისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ისტორიული განაცხადი დაგეგმილზე ორი წლით ადრე გააკეთა და ამ დროისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხოლოდ 40%-ია შესრულებული, ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ უკვე გატარებული რეფორმების საფუძველზე ქვეყნის პროგრესი აუცილებლად იქნება აღიარებული. ევროკავშირის გადაწყვეტილებას ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ერთად ელოდება.