საქართველოს ეროვნული გმირის იუბილე

12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა. მფრინავს 51 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის დაბადების დღე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედროებმა, ოჯახის წევრებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას და მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

სამხედრო მფრინავი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წელის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული ასევე დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.