საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება

12:33, 21.06.2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია! უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა, მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონიც გახდა. დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი: „ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მსგავსი