საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შიდა პოლიტიკური უთანხმოება მწვავდება საქართველოში. ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში და ძალაუფლების დასაბრუნებლად მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის ინტერვიუს უკრაინულ ტელეარხთან, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში და იარაღის შექმნაში პუტინის დასახმარებლად შავი ხვრელების ძიებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია ოპონენტებს ცრუ ინფორომაციის გავრცელებაში და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების გაჟღერებაში სდებს ბრალს. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამ განცხადებების გამო დეკანოიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. არანაკლები ვნებათაღელვა და ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერისთვის დასმული შეკითხვის შინაარსმაც. მმართველი გუნდი ოპონენტებს იმ მხარდამჭერ განცხადებებს ახსენებს, რომლებიც ქვეყანამ უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ არაერთ საერთაშორისო ფორმატში დააფიქსირა.