ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების კონკრეტული დათქმით ცნობას „ქართული ოცნების“ საპასუხო ზომები მოჰყვა.
ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სხვა წინაპირობებთან ერთად მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. ქართულმა დელეგაციამ საპასუხო გადაწყვეტილება სტრასბურგიდანვე გაახმოვანა და შანტაჟის ენით საუბრის დასრულებამდე „პასეში“ მუშაობის გაგრძელება გამორიცხა. მმართველ გუნდში აღნიშნეს ისიც, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიცია კი, რომელიც ასამბლეის მხარდაჭერილ რეზოლუციას სამოქალაქო აქტივისტებისა და პირად გამარჯვებად აცხადებს, ასამბლეის შემდეგ ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას აანონსებს.