საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს, დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქართული კულტურის დღეები აზერბაიჯანში.
ბაქოში ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იყო წარმოდგენილი. ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გამახვილდა ყურადღება საზეიმო მიღებაზე, სადაც ქართულმა დელეგაციამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეროვნული სამოსისა და ტრადიციული ქართული სამკაულების გამოფენა, 1000-წლოვანი ისტორიის მქონე ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასები და ქართული მრავალხმიანობა – აზერბაიჯანის მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. კულტურის დღეები ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართული გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.