„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმე

პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც დაფიქსირებულია ქუჩაში ესებუას გადაადგილება. უწყების ცნობით, რამდენიმე მედიასაშუალებამ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ინფორმაცია,  განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეო და ფოტოკადრები გადაღებულია 6 და არა 27 ოქტომბერს, როგორც მედიით გავრცელდა. ასევე ისინი გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში. გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება ძებნილის მამაც, ჟურნალისტებს მან დღეს ის ტანსაცმელი აჩვენა, რომელიც ესებუას ვიდეომასალაში აცვია. სააგენტო კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, ის აცხადებს, რომ დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და მოუწოდებს მას ჩაბარდეს სამართალდამცავებს.