23-წლამდე ძიუდოისტთა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს გულშემატკივრები ოჯახის წევრები და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ნოზაძე დახვდნენ. მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში, 3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება გიორგი ტერაშვილს მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა. ოქროს მედალი მოიპოვა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჯაბნიაშვილმაც.