საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 12 წელი ელოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომის საქმეზე დავა მოუგო. ეთნიკური წმენდა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაკავებები, მკვლელობების გამოუძიებლობა, ქართული სოფლების გადაწვა, ძარცვა, ქონების განადგურება – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთზე სწორედ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და, შესაბამისად, ყველა დარღვევაზე ის არის პასუხისმგებელი.

დიდი პალატის 17 მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანას დღეიდან ხელთ აქვს მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პროცესში საქართველოს პოზიციებს სამართლებრივად ამყარებს.

რაც შეეხება 8-დან 12 აგსვიტომდე  შუალედსა და ამ პერიოდში მიმდინარე აქტიურ საბრძოლო  მოქმედებებს, – ეს სასამართლომ გამიჯნა და თქვა, რომ ხუთდღიანი ომის პერიოდი, რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, რასაც სამი მოსამართლის პროტესტი მოჰყვა. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურდება. კომპენსაციების თემა ახლა ცალკე პროცედურით უნდა გადაწყდეს და მხარეებს პოზიციების წარსადგენად  ერთწლიანი ვადა აქვთ.