საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართლებრივი დავის მოგება შეფასებების თემაა თბილისში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ისტორიულს უწოდებს. მათი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ 9 აპრილს დაემთხვა ამ გადაწყვეტილების გამოცხადება. ოპოზიციის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული მხარის სიმართლე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. „ადამიანებს წაართვეს მიწა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა“ – ეს არის ამონარიდი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.