ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ჰანს კლუგე გამოეხმაურა და საქართველოს ეს მიღწევა მიულოცა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ეს აღიარება დიდი ინვესტიციებისა და შრომის შედეგია მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. ჯანმო-ს სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა. მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.