საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა უკვე გადაეცა. ინფორმაციას შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობა ადასტურებს.

საქართველო იმ სახელმწიფოებს შორის არის, რომლებიც ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. საუბარია ერთ პირზე, რომელიც თბილისში მუშაობს.

საგარეო საქმეთა სამინსტრო გმობს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და სოლიდარობას უცხადებს დიდ ბრიტანეთს. სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ოფიციალური ლონდონი კრემლს პირდაპირ ადანაშაულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას იწონებენ, მაგრამ დაგვიანებულად მიიჩნევენ საპარლამენტო ოპოზიციაში. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მნიშვნელოვანი სოლიდარობა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.