საქართველო ყირიმის პლატფორმის სამიტზე

საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ამჯერად ყირიმის პლატფორმიდან აფიქსირებს.

ხორვატიაში უკრაინის მიერ შექმნილი ფორმატის პირველი საპარლამენტთაშორისო სამიტი იწყება. 26 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ზაგრებშია ქართული დელეგაციაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ხელმძღვანელობით. გამოსვლების და შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხილვაა. სამიტში მონაწილეობს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეც. ფორუმს ესწრება უკრაინის რადას ვიცე-სპიკერიც, რომელთან შეხვედრის შემთხვევაში ქართველი დეპუტატები უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, არესტოვიჩის მიერ წინა კვირას საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადების განხილვასაც აპირებენ. ყირიმის პლატფორმა ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირების და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად უკრაინის მიერ შექმნილი ფორმატია.

„მოამბე“ ხორვატიიდან, – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს ყირიმის პლატფორმის სამიტს.