საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა განახლდა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დღის წესრიგის მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაა, რასაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა დაეთმო. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თანამშრომლობის ახალ მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი სწორედ კომისიის ფორმატში გაგრძელდა. მთავარ ამოცანად წლიური სავაჭრო ბრუნვის გაზრდა დასახელდა. ეს მიმდინარე წელს ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერების უკვე მეოთხე შეხვედრა იყო. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ გაერო-ს ტრიბუნიდან გახმოვანებული სამშვიდობო ინიციატივის კონტექსტი ფაშინიანის ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.