საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შვეიცარიასთან 0-2 მარცხით დაიწყო. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ფლობდნენ მცირე უპირატესობას, თუმცა ქართველი მცველები მეტოქის შეტევის მოგერიებას ახერხებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო როდრიგესის საჯარიმო დარტყმა გამოდგა, რომელიც ასხლეტის შემდეგ მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
რამდენიმე ეფექტიანი კონტრიერიში „ჯვაროსნებსაც“ ჰქონდათ. 43-ე წუთზე საქართველოს სახიფათო იერიში ყაზაიშვილის კარისკენ დარტყმით დასრულდა, თუმცა ზომერი ბურთს ადგილზე დახვდა. მეორე ტაიმში შვეიცარიის ნაკრები უფრო გააქტიურდა და მატჩის 57 წუთზე ზუბერმა ემბოლოს პასის შემდეგ ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება და მე-80 წუთზე მცველების შეცდომით ზაქარიამ ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.
შესარჩევი ციკლის მეორე მატჩს ჩვენი ნაკრები 26 მარტს დუბლინში „ავივას“ სტადიონზე გამართავს ირლანდიის ნაკრებთან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ 23:45 საათზე.