საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში მესამე სარჩელი იგზავნება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული მხარე რუსეთის ხელისუფლებას ევროკონვენციის რვა მუხლის დარღვევის გამო უჩივის.

საქმე ეხება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების გახშირებულ უგულებელყოფას.

თბილისი ითხოვს, წამებით მოკლული ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა მოსკოვმაც აიღოს.

სარჩელში საუბარია გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზეც.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საჩივართან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში ცალკე სარჩელი შეაქვს ტატუნაშვილის ოჯახსაც. სარჩელს თან ერთვის დასკვნა, სადაც 34 წლის არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე მიყენებული მძიმე დაზიანებები და სასტიკი წამებაა აღწერილი.